დაიწყეთ ხელით ნაქსოვი ტანსაცმლის ბიზნესი

18/08/2009

27091356198711სოფლებში, ზამთარში, ბევრი დიასახლისი შეიძლება ძალიან იაფად დაგთანხმდეს – მოგიქსოვოთ სხვადასხვა ტანსაცმელი, თუ მოამარაგებთ ძაფით და საქსოვი საშუალებით.
წინდები, ჯემპრი, ხელთათმანები, კაშნე, ქუდი – როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, ეს იმ პროდუქციის მხოლოდ ნაწილია, რომელიც შეგიძლიათ სოფლებში დაამზადებინოთ, შემდეგ კი დიდ ქალაქებში სარფიანად გაყიდოთ.

გაყიდვის ყველაზე ეფექტური არხი, ალბათ, იქნება სპეციალიზირებული მაღაზია, რომელიც შეიძლება განთავსდეს როგორც დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე. გამოიყენეთ გაყიდვების ონლაინ არხებიც.

ზამთარში დამზადებული პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში გაიყიდება. იგივე მაღაზიამ წლის განმავლობაში შეიძლება ჩაიბაროს ხელით ნაქსოვი სამოსი და აქსესუარები სხვა ინდივიდუალური პირებისგანაც.

პროდუქტის უნიკალურობის ხაზგასასმელად საჭირო იქნება ცალკე ბრენდის შექმნა. დიზაინი, შეიძლება, გაყიდვებში მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამდენად, უმჯობესია, თუ თავიდან მცირე შეკვეთებით დაიწყებთ. მომხმარებლის გემოვნების გამოვლენასთან ერთად, შეგიძლიათ გაზარდოთ როგორც დაქირავებული მქსოველების რაოდენობა, ისე პროდუქციის გაყიდვების წერტილები.