მე რომ თონე მქონდეს

17/09/2012

Freshly-baked-shotis-puriმე რომ თონის პურის საცხობი გამეკეთებინა აუცილებლად დავარქმევდი “ცხელ-ცხელ შოთებს”, ან რამე ამის მსგავსს რაც ადამიანებს საკუთარ ბავშვობას და ბებიის გამომცხვარ ცხელ შოთებს გაახსენებდა. პურის ცხობას ვისწავლიდი და კვირაში ერთი დღე თავადაც ვიმუშავებდი სხვა მცხობელებთან ერთად. მათთვის რომ მუშაობის და მყიდველების მომსახურების მაგალითი მეჩვენებინა და მათი პრობლემები თუ საჭიროებებიც კარგად დამენახა.

განსაკუთრებით ვიზრუნებდი საუკეთესო ხარისხის მასალაზე, პურის ფორმაზე და გემოზე. არასოდეს ვეცდებოდი ხარისხის ხარჯზე მიმდინარე მოგების გაზრდას.

მცხობელს ფიქსირებულ ხელფასაც მივცემდი და თითოეული პურიდანაც დავუმატებდი გარკვეულ თანხას მეტი მოტივაციისათვის. ვეცდებოდი ისე დამეგეგმა საცხობის ინტერიერი, რომ მყიდველს პურის ცხობის პროცესზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა. პურთან ერთად გემრიელ ნაზუქებსაც გამოვაცხობდი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის. ადგილზე მიტანის სერვისსაც დავამატებდი.