სარემონტო კომპანია – Actionmen

12/06/2018

Actionmen არის კიდევ ერთი ქართული წარმატებული სტარტაპი, რომლის საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო საქმიანობა წარმოადგენს. კომპანიას ჰყავს სამშენებლო სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური და ამავდროულად მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი. StartUp.ge Actionmen-ის დამფუძნებელს ჯონი სამხარაძეს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართულ სამშენებლო ბაზარზე მრავალი სამშენებლო-სარმონტო კომპანია თუ ჯგუფი მოღვაწეობს, საკმაოდ ძნელია იპოვო კარგი შემსრულებელი. კომპანია, რომელიც ჯერ კარგად დაგეგმავს სამუშაოებს როგორც ფინანსურად, ასევე დროის თვალსაზრისით და შემდგომ სამუშაოების შესრულებისას გამოიყენებს თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებსა თუ ტექნოლოგიებს. ჩვენს თანამშრომლებს გააჩნიათ სამუშაოების დაგეგმვის, წარმოებისა და კონტროლის ევროპული სტანდარტებით მუშაობის გამოცდილება და გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული სამშენებლო ბიზნესის განვითარებაში.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანიას ჰყავს 3 დამფუძნებელი, თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა სფეროში მაღალი რგოლის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ არსებული ცოდნა და შეხედულებები ჩვენი კომპანიის მუდმივი განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ საშუალებას გვაძლევს პოტენციურ მომხმარებელს შევთავაზოთ უკეთესი სერვისი.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

მომხმარებელი, რომელსაც სურს კონკრეტული სივრცის გარემონტება, გვიკავშირდება ჩვენი ვებ. გვერდის, FB გვერდისელ. ფოსტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. მას შემდეგ რაც მივიღებთ ინფორმაციას თუ რისი მიღწევა სურს ჩვენს პოტენციურ დამკვეთს, ჩვენი სპეციალისტები პროექტის მენეჯერთან ერთად 2-3 სამუშაო დღის ვადაში ადგენენ  დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და გეგმა-გრაფიკს, სადაც მითითებულია თითოეული სამუშაოს ღირებულება, ინფორმაცია გამოსაყენებელი მასალების მწარმოებლების შესახებ, გადახდის პირობები და სამუშაოების შესრულების ვადები.  მას შემდეგ რაც პოტენციური დამკვეთი მიიღებს ამ ინფორმაციას, შეადარებს სხვა წინადადებებს და დარწმუნდება ჩვენი შეთავაზების უპირატესობაში, ფორმდება კონტრაქტი და ვიწყებთ მუშაობას.

სარემონტო სამუშაოების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ მოხერხებულ და კომფორტულ 3 განსხვავებულ სტრატეგიას ვთავაზობთ:

–  როგორც სამშენებლო მასალის შეძენას, ასევე სამუშაოების შესრულებას ვახდენთ ჩვენ;

–  მასალებს ვყიდულობთ ჩვენ და ვახდენთ მთლიანი პროცესის მენეჯმენტს, ხარისხის კონტროლს. სარემონტო სამუშაოები კი შესაძლოა აწარმოონ დამკვეთის მიერ შერჩეულმა კადრებმა;

–  როგორც მასალების შესყიდვას, ასევე სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ შერჩეული შემსრულებელი. ხოლო ჩვენ ვახდენთ მთლიანი პროცესის მენეჯმენტს და ხარისხის დამოუკიდებელ კონტროლს.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

კომპანიაში მუდმივად არის დასაქმებული 4 ადამიანი, თუმცა სხვადასხვა პროექტის დროს თითოეულ ობიექტზე მუშაობს საშუალოდ 10-15 ადამიანი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

ძირითადი კაპიტალი, რომელიც საჭირო იყო კომპანიის საქმიანობის დაწყებისთვის მობილიზებული იქნა ჩვენი, დამფუძნებლების საკუთარი რესუსებიდან.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მიზანია, რომ 3 წლის შემდეგ ვიყოთ საქართველოში სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი გამორჩეული და ლიდერი კომპანია, რომელიც დაანგრევს საქართველოში გაბატონებულ რეალობას იმის შესახებ, რომ რემონტი “ჯოჯოხეთია”. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე, თითოეულ ობიექტს ვუყურებთ როგორც საკუთარს, ვცდილობთ ყოველდღიურად განვაახლოთ ჩვენი ცოდნა და გვჯერა, რომ პოზიტიურად შევცვლით საქართველოს სამშენებლო-სარემონტო ბიზნესს.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს? 

დაგეგმონ ყოველთვის ყველაფერი წინასწარ. აკეთონ საქმე არა მხოლოდ იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღონ, არამედ რომ შექმნან უკეთესი მომსახურება და პროდუქტი. არ შეეშინდეთ რისკის, იზრუნონ საკუთარი კომპეტენციების გაუმჯობესებაზე. არასოდეს შეხედონ სიტუაციას მხოლოდ მოკლევადიან პესპექტივაში და ყველაფერი გააკეთონ, რომ მათი ბიზნესი იყოს კონკურენტუნარიანი.

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts