სტარტაპ-მარკეტინგი

28/06/2014

start-up-text-on-a-buttonსტარტაპების უმეტესობა დაარსებიდან მალევე წყვეტს არსებობას და მიიჩნევენ, რომ მათი უმრავლესობა კრახისთვისაა განწირული. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ არიან სათანადოდ მორგებული ბაზრის მოთხოვნებზე. თუმცა, მხოლოდ  ბაზრის მოთხოვნებზე მორგება ვერ იქნება ზრდის და წარმატების გარანტია, რადგან ბაზრების უმრავლესობა საკმაოდ გაჯერებულია და მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. მკაცრი კონკურენციისა და შეზღუდული  რესურსების პირობებში, სტარტაპებს რთული ამოცანა აქვთ- გაარღვიონ „ხმაური“ და მიაღწიონ მიზნობრივ მომხმარებელთან. არსებობს რამდენიმე საბაზისო ეტაპი, რომლებსაც სტარტაპის მარკეტინგი მოიცავს:

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იცოდე არის თუ არა საჭიროება ბაზარზე ამ კონკრეტული პროდუქტის თუ მომსახურების. წინააღმდეგ შემთხევაში პროდუქტი/მომსახურება კრახისთვისაა განწირული, რადგან შეზღუდული რესურსების პირობებში მომხმარებელთა უმრავლესობა შეიძენს იმას, რაც სჭირდება. ამას გარდა, უნდა იცნობდე შენი პროდუქტის/მომსახურების ყველა მახასიათებელს, დადებით და უარყოფით მხარეებს, რათა შეძლო მისი წარმოჩენა საუკეთესო კუთხით.

მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დიზაინი და შეფუთვა. კვლევებით დადგინდა, რომ ზუსტად ორი ერთნაირი პროდუქტიდან მომხმარებელი ირჩევს იმას, რომელსაც უკეთესი შეფუთვა აქვს. დიზაინი ბრენდის ნაწილის ერთ-ერთი მახასიათებელია, იგი რეალიზაციისას დიდ როლს თამაშობს.  თუნდაც გავიხსენოთ „კოკა-კოლა“, რომელსაც ერთ დროს დიზაინის ცვლილებამ გაყიდვები საგრძნობლად შეუმცირა და იძულებული გახდა ძველი დიზაინი დაეტოვებინა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეირჩეს დიზაინი.

მესამე და საკმაოდ სასარგებლო სტარტაპებისთვის არის ინტერნეტ მარკეტინგი, განსაკუთრებით ფეისბუკ მარკეტინგი, რომელიც საკმაოდ ეფექტურ შედეგს იძლევა. ეს არის საშუალება, შენი პროდუქტის შესახებ გაავცრელო ინფორმაცია ფართო აუდიტორიაზე. ამასთანავე,  ხარჯები მინიმალურია. ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით შეიმჩნევა ინტერნეტ მარკეტინგის ზრდის ტენდენცია.

დაბოლოს, ადრეულ ეტაპზე სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი, მომხმარებელთა პრეტენზიების გაგება და სწრაფი რეაგირება ხარვეზების გამოსასწორებლად. ამისთვის უნდა ჩატარდეს ხშირი კვლევები, გამოკითხვები, პრეზენტაცია-დეგუსტაციები და შესაძლოა შეიქმნას ბლოგებიც. ბევრი ცნობილი კომპანია ქმნის ბლოგებს, სადაც მომხმარებლები ღიად გამოთქვამენ აზრს პროდუქტსა და მომსახურებაზე, ეს საუკეთესო საშუალებაა გაიგო მომხმარებლის აზრი და შესთავაზო ის, რაც მას სჭირდება, შედეგად კი მიიღო ორმხრივი სარგებელი.

დიზაინი, ინტერნეტ მარკეტინგი და მუდმივი უკუკავშირი მომხმარებელთან შესაძლოა არ არის საკმარისი სტარტაპისთვის, თუმცა ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ყველა დამწყებ და მოქმედ ბიზნეს საქმიანობაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

მოამზადა ეკა ადამიამ, ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი (BIC)