ჩაიბარეთ ძველი ავეჯი, აღადგინეთ და გაყიდეთ

14/05/2010

image108ძალიან ბევრ ოჯახს აქვს სურვილი შეცვალოს ავეჯი ახლით, თუმცა მათთვის არც თუ ისე მცირე პრობლემაა რა უყონ არსებულს. თუ ვინმე დაიწყებს ოჯახებისგან ძველი ავეჯის ჩაბარებას, რესტავრაციას და გაყიდვას ვფიქრობთ ცუდი ბიზნესი არ უნდა გამოვიდეს. ამის დასაწყებად უნდა მოელაპარაკოთ ავეჯის დამამზადებელ მცირე საამქროებს: რა ფასში და როგორ დაგეხმარებიან ძველი ავეჯის აღდგენაში.

უნდა ნახოთ ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც დაგთანხმდებიან, იმუშაონ ავეჯის გადაკეთების ახალ გადაწყვეტილებებზე. მოელაპარაკეთ მათაც გაყიდვების შედეგიდან ანაზღაურებაზე.

დაამზადეთ საინფორმაციო ფლაერები, რომლითაც შესთავაზებთ ოჯახებს ძველი ავეჯის ჩაბარებას იმ პირობით, რომ ავეჯი აღდგება, გაიყიდება, ავეჯის ძველი მეპატრონეები კი თანხას გაყიდვის შემდეგ მიიღებენ. ამაზე, ალბათ, ბევრი არ გეტყვით უარს. თავიდან ამ პირობით აჯობებს საქმის დაწყება, შემდეგ კი, თუ საქმე კარგად წავიდა, ინფორმაციაც ბევრი გექნებათ და გამოცდილებაც დაგიგროვდებათ, თუ რა ტიპის და კონდიციის ავეჯის რა ფასში ჩაბარება სჯობს.

რესტავრირებული ავეჯის გაყიდვის ყველაზე კარგი საშუალება კატალოგების წარმოებაა: როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული. თქვენი პროდუქციის თვითღირებულება ისეთი დაბალი უნდა იყოს, რომ მათი გაყიდვა არ უნდა გაჭირდეს, თუ ინფორმაციის სწორად გავრცელებას შეძლებთ.

გააკეთეთ ინტერნეტ საიტი, სადაც აღდგენილი ავეჯის სურათებს და ფასებს განათავსებთ. თქვენი საიტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური ქსელები და ის ფორუმები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომლებსაც დიასახლისები ხშირად სტუმრობენ.

ხშირად დაბეჭდეთ ახალი კატალოგი გაყიდვაში არსებული ავეჯის შესახებ და ეს კატალოგები მცირე საუბნო, ტანსაცმლისა თუ ელექტროტექნიკის მაღაზიების მეშვეობით გაავრცელეთ.