Convertor.ge – სახლის ძიების ინოვაციური გზა

16/11/2016

იყიდება ბინაConvertor.ge – ეს არის საიტი, რომელიც ბინის შეძენის ან ქირაობის მსურველებს აკავშირებს როგორც დეველოპერებთან, ასევე უძრავი ქონების სხვა გამყიდველებთან თუ გამქირავებლებთან. პროექტის მთავარი ამოცანაა მომხმარებელს შეუქმნას კომფორტი, დაეხმაროს მას დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში. Startup.ge  Convertor.ge – ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჯაბა ბურჯალიანს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა, როდესაც მივხვდით, რომ ადამიანებისთვის ყველაზე შეზღდული და ძვირფასი რესურსი გახდა დრო. იქედან გამომდინარე, რომ პროდუქტების ძიება დაკავშირებულია დროის ხარჯვასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის სიახლე შეგვეთავაზებინა და ინოვაციური მიდგომით გაგვემარტივებინა ეს პროცესი. ისინი ჩვენს საიტზე წერენ სურვილს და შემდგომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით იღებენ სურვილის შესაბამის შეთავაზებებს. მათ აღარ უწევთ ბინის სხვადასხვა საიტზე ძიება და უამრავი ზარის განხორციელება. მომხმარებელი ზოგავს მნიშვნელოვან რესურსს, დროსა და ენერგიას.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

Convertor.ge – ს დამფუძნებელია კომპანია „Start-Business Solutions”, რომლის საქმიანობის ძირითადი ხაზი არის სტარტაპების ხელშეწყობა.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

პროცესი მარტივია, ბინის შეძენის ან ქირაობის მსურველები შემოდიან ჩვენს საიტზე,  ,,სურვილების დაფა’’-ზე დაწერენ მათთვის სასურველი სახლის/ბინის (ან სხვა სახის უძრავი ქონების) ადგილმდებარეობას, ფართს, ფასს და ყველა დეტალს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. სურვილის განთავსებიდან 24 საათის შემდეგ სხვადასხვა კომპანიები ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიან მომხმარებელს მათ სურვილზე მორგებულ შეთავაზებებს. ასევე გვაქვს საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანია, რომლის განხორციელებაშიც გვეხმარება GMA Georgia.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ამჟამად სხვადასხვა მიმართულებით კომპანიაში დასაქმებულია ხუთი ადამიანი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

საწყისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი მოძიებულ იქნა ქართველი ე.წ. “ენჯელ ინვესტორებისგან”. გარკვეული ინვესტიცია განხორციელდა ასევე დამფუძნებლების მიერ. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიის მთავარი იდეა ინოვაციურია, ამ ეტაპისთვის უკვე საკმაოდ ბევრი ინვესტორია დაინტერესებული, რომლებმაც გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მოკლევადიანია გეგმაა, დავიმკვიდროთ თავი საქართველოს ბაზარზე, ხოლო მომდევნო წლიდან ვგეგმავთ, პროექტის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაშვებას.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

ყოველთვის ღია იყვნენ სიახლეებისთვის, რაც მათ კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემს მოიფიქრონ საინტერესო ბიზნეს იდეა.

დარწმუნდნენ მათი იდეის რენტაბელურობაში, მოუსმინონ პოტენციურ მომხმარებლებს, გაიგონ მათი საჭიროებები, იდეები და დამოკიდებულება. ყოველთვის იყვნენ ხარისხზე ორიენტირებული, ჰქონდეთ გლობალური ხედვა და გრძელვადიანი მიზნები.

თეონა თავდიშვილი



Related Posts