GROSH

15/05/2017

GROSH– არის ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები, საფულეები, ჩანთები, ქამრები, სამაჯურები და ა.შ. აქსესუარებისათვის გამოიყენება 100%-ით ნატურალური, საქართველოში წარმოებული ტყავი.

კომპანიამ მუშაობა დაიწყო მიმდინარე წლის მარტიდან და სოციალური ქსელის საშუალებით აცნობს მომხმარებელს მის მიერ შექმნილ პროდუქტს. Startup.ge  GROSH – ის ერთ-ერთ მფლობელს, გვანცა ფანცხავას ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა გაჩნდა დაახლოებით 1 წლის წინ, ყოველთვის მოგვწონდა ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები, პროფესიით არც ერთი არ ვართ დიზაინერი, თუმცა ორივეს გვიყვარს ხატვა, ფოტოგრაფია და ხელოვნება. შედეგად გადავწყვიტეთ გვეცადა ჩვენი შესაძლებლობები  და დავიწყეთ ნატურალურ ტყავზე მუშაობა.

გვინდოდა ჩვენს აქსესუარებს, განსხვავებული და ლამაზად ჟღერადი სახელი ჰქონოდა. გროში ასოცირდება ფულთან, მონეტასთან. ვინაიდან ჩვენი აქსესუარები უმეტესად საფულეებს მოიცავს, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ბრენდის სახელი ყოფილიყო გროში.

მეგობრების თანადგომით შეკვეთები მივიღეთ და ნელ-ნელა FB გვერდით გავასაჯაროვეთ ჩვენი აქსესუარები.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანია დავაარსეთ მე – გვანცა ფანცხავამ და გიორგი გურგენიძემ.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

თითოეული დეტალი ხელნაკეთია და ვთვლით, რომ სწორედ დეტალები ქმნის პროდუქტს განსხვავებულს და სასურველს. ტყავი იკვეთება, მუშავდება და იკერება ხელით. მუშაობა არის სპეციფიური და საინტერესო. აქსესუარის შექმნის პროცესში აღმოაჩენ ბევრ დეტალს, რომლის დახვეწა და სრულყოფაც უწყვეტად გრძელდება. აქსესუარის დიზაინი, ტყავის ამოკვეთა, დამუშავება, ნაკერების სრულყოფა და ა.შ.

17211829_780574765457539_7375145150663697431_o

ძირითადად გადანაწილებული გვაქვს საქმიანობა და თითოეულ აქსესუარს ერთობლივად ვამზადებთ. ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას აქსესუარის დიზაინზე, ვქმნით ესკიზს და შემდეგ ვიწყებთ მის დამზადებას. დამზადებულ აქსესუარებს თავად ვუღებთ ფოტოებს და FB გვერდზე ვაქვეყნებთ. აქსესუარების შეფუთვაც ნაწილობრივ ხელნაკეთია, იფუთება სასაჩუქრე ხის ყუთში და იდება მუყაოს ქაღალდისგან დამზადებულ პარკში.

რეალიზაცია ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით, ონლაინ შეკვეთების სახით ხდება. სრულიად უცხო ადამიანები ინტერესდებიან ჩვენი აქსესუარებით, გვიკვეთავენ და დადებით შეფასებებს გვაძლევენ, რაც ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ამჟამად სახელოსნოში ვმუშაობთ მხოლოდ ჩვენ ორნი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

საკუთარი სახსრებით დავიწყეთ. თავდაპირველად შევიძინეთ ტყავი და საწყის ეტაპზე საჭირო ინსტრუმენტები.  შემდეგ მივხვდით, რომ სახელოსნოს გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით. გადავწყვიტეთ გვეპოვა პატარა ფართი, სადაც ვიმუშავებდით აქსესუარების დამზადებაზე.  გაგვიმართლა, მისაღებ ფასად და მისაღებ ადგილას მოვიძიეთ პატარა ფართი. ზაფხულის განმავლობაში სახელოსნო საკუთარი ხელით გავარემონტეთ და დავიწყეთ საქმიანობა.

ნელ-ნელა შევიძინეთ დამატებითი ინსტრუმენტები, ტყავის დასამუშავებლად საჭირო სითხეები და ა.შ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ვაპირებთ გაფართოვებას, მეტი სახეობის აქსესუარების დამზადებას, ასევე გვსურს გავხსნათ GROSH-ის სახელოსნო/მაღაზია, სადაც დამკვეთს საშუალება ექნება ადგილზე მოვიდეს, დაათვალიეროს, შეიძნოს ან შეუკვეთოს აქსესუარები.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

დამწყებ მეწარმეებს ვურჩევდი გამოიჩინონ გამბედაობა და მონდომება. აუცილებლად დაისახეთ მიზანი და მის შესასრულებლად ამოცანები, რისი გადაჭრითაც საბოლოოდ მიაღწევთ სასურველ შედეგს. ნუ შეგაშინებთ სირთულეები, პირიქით, ყოველი დაბრკოლება დამატებითი მოტივაციაა წარმატებისთვის.

 

თეონა თავდიშვილი


 

 

 



Related Posts