Layla • ლაილა

24/05/2017

Layla • ლაილა 100%-ით ნატურალურ ხელნაკეთ საპნებსა და აბაზანის ბომბებს ამზადებს.  აქ არ იყენებენ სინთეტიკურ ზეთებს და ყველა საშუალება არის ნატურალური, სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისაგან. StartUp.ge ლაილას დამფუძნებლებს, მარიამ ქინქლაძესა და ელენე მამაგეიშვილს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

მოგზაურობისას აღმოვაჩინეთ მსგავსი პროდუქტი და იმდენად მოგვეწონა, რომ მოგვინდა შეგვეძინა და საშუალება გვქონოდა 1-2 ცალი კი არ გვეყიდა წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ჩვენთანაც ყოფილიყო იგივე, მოგზაურობის შთაბეჭდილებებმა რომ გადაგვიარა და თბილისურ ცხოვრებას დავუბრუნდით, მოვიძიეთ და ვნახეთ, რომ აქა-იქ იყო ხელნაკეთი საპნები, მაშინ აბაზანის ბომბები საერთოდ არ იყო ბაზარზე, ჩვენ გვინდოდა განსხვავებული ფორმის, შედარებით იაფი და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქტი, ამიტომაც თავად შევქმენით ის. ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული და თან სასიამოვნო, ვიძიებდით რეცეპტებს, ვამზადებდით, ვცდიდით ჩვენს თავზე და იმის მიხედვით ვაკეთებდით მის ხარისხზე დასკვნას, შემდეგ როცა მივხვდით, რომ გვქონდა კარგი რეცეპტები, გვქონდა სერიოზული ბაზა ამ კუთხით, დავიწყეთ ბრენდინგზე ფიქრი და ასე შეიქმნა „ლაილა“. დღეს უკვე ბაზარს ვთავაზობთ ჯერჯერობით მცირე ასორტიმენტის, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქტს.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანიის დამფუძნებლები ვართ ჩვენ ორნი, ელენე მამაგეიშვილი და მარიამ ქინქლაძე. იმის გარდა, რომ ჩვენ ამ კომპანიის დამფუძნებლები ვართ, ვართ მეგობრები, ყოფილი თანამშრომლები და ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება საქმეშიც.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

18320557_1716808458330630_3393501371819882141_oპროდუქციის დამზადებაში უშუალოდ ჩვენ ვართ ჩართულები, ვამზადებთ საკუთარი ხელით, პროდუქტის დამზადების შემდეგ გვაქვს ფოტოსესიები, ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოვიფარგლებით, თუმცა ამ მხრივაც ვფიქრობთ განვითარებას.  ასევე მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

ავიღეთ სესხი და ვეცადეთ, გონივრულად გადაგვენაწილებინა. მგონი, შევძელით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას, ბაზარზე ხელშესახები ფორმებით პოზიციონირებას, გვაქვს ბევრი კარგი იდეა რომელსაც იმედი გვაქვს, მალე შეიტყობთ.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

18423212_1724477060897103_8097205922068304550_oთავიდან ვფიქრობდით, რომ მთავარია ჩვენ დავიწყოთ და მერე სასწაულები მოხდება. რეალურად ასე არაა, თითოეული წარმატებული პროდუქტის უკან ძალიან დიდი შრომა და სირთულეებია, თუმცა ძალიან კარგია აკეთო ის, რაც გიყვარს. საოცარი შეგრძნებაა, რომ საკუთარი თავის პატრონი შენ ხარ, თუმცა პარალელურად უდიდესი პასუხისმგებლობაც გაკისრია, არავინ მოგცემს მიმართულებას, არავინ გეტყვის, რა როგორ გააკეთო, ყველაფერი შენზეა. დამწყებ მეწარმეებს ვურჩევთ იპოვნონ ის, რისი კეთებაც უხარიათ და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, არ დანებდნენ.

 

თეონა თავდიშვილი

 



Related Posts