Mind Map

14/06/2017

Mind Map არის ბლოკნოტი, რომელსაც მრავალი დატვირთვა აქვს. ის გეხმარება გახდე უფრო ორგანიზებული, მოტივირებული და პროდუქტიული. გარდა ამისა, სასიამოვნო დიზაინი და გასართობი გვერდები განტვირთვის საშუალებას იძლევა. Mind Map მუდმივად განახლებადი და განვითარებადი პროექტია, რის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი თემატური ბლოკნოტის გამოშვება და გულისხმობს მომხმარებლის ჩართულობას მის შექმნაში. StartUp.ge Mind Map – ის დამფუძნებელს, თამარ ლეკიაშვილს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

ყოველთვის, ნებისმიერ სფეროში ვთვლით, რომ მთავარია გიყვარდეს ის რასაც აკეთებ. ბლოკნოტების, განსაკუთრებით ორგანაიზერების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან გვაქვს. როდესაც გიყვარს ყველაფრის ჩანიშვნა, გიწევს გქონდეს რამდენიმე ბლოკნოტი თემატიკის მიხედვით. სწორედ ამ სიყვარულმა და საჭიროებამ განაპირობა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებდა. იმ ფაქტმა, რომ ქართულ და უცხოურ ბაზარზე ვერ ვიპოვეთ მიახლოებული მაგალითი, სურვილი გაგვიმძაფრა, იდეა დავხვეწეთ და შევუდექით საქმის კეთებას.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

ვართ სამი დამფუძნებელი, სამი სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფესიით. ნინა გომართელი (კინომცოდნე), თაკო ლეკიაშვილი (მარკეტერი) და ანი სოფრომაძე (ფინანსისტი).

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)?

მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და უზომოდ საინტერესოა. უამრავი იდეის თავის მოყრა და ხარისხიანად გაკეთება ერთგვარი გამოწვევაა, რაც უფრო მოტივირებულებს გვხდის გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ პროდუქტი. ყველაზე დიდ დროს დიზაინზე მუშაობას ვანდომებთ. ჩვენი პრიორიტეტია დიზაინი, ზომა და ის, რომ გვერდების თემატიკა ზუსტად პასუხობდეს მისი მომავალი მფლობელის ინტერესებს.

რამდენი ადამიანია დასაქმებული?

ჯერჯერობით ვართ მხოლოდ სამნი, რადგან ამ ეტაპზე თავს ვართმევთ ყველა დავალებას. თუმცა, მომავალში ვაპირებთ გაფართოებას და კადრების დამატებას.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

Mind Map-ის წარმოების გარდა სამივე დამატებით დასაქმებულები ვართ  სხვა სფეროებში, რაც დაგვეხმარა გამოგვეყო ფინანსები და საკუთარი კაპიტალით დაგვეწყო ბლოკნოტების წარმოება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

მომავალში  გვინდა Mind Map სხვადასხვა მიმართულებებით განვითარდეს, რომელიც იქნება მხოლოდ პროექტის, მოგზაურობის თუ სხვა რაიმე აქტივობის დაგეგმვისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მისი მფლობელის მობილიზებას და პროდუქტიულობას. ასევე გვინდა კონკრეტული საქმიანობის ადამიანებისთვის დავამზადოთ კონკრეტული საჭიროების ორგანაიზერები.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

აკეთონ ის საქმე, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს და უყვარდეთ ის რასაც აკეთებენ. თითოეული  იდეა, რაც კი ოდნავ მაინც წამოიჭრება ფიქრის პროცესში აუცილებლად ჩაინიშნონ და აუცილებლად მოვა ამ იდეის განსახორციელებელი შესაბამისი დრო.

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts