თარო • TARO

23/05/2017

თარო • TARO – ეს ხისგან დამზადებული ორიგინალური, კრეატიული ავეჯია, რომელიც 2015 წლიდან მომხმარებელს თავის პროდუქტს სთავაზობს. StartUp.ge თაროს დამფუძნებელს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა, რომ შეგვექმნა ბიზნესი, გაჩნდა მაშინ როდესაც მეგობრებმა გადავწყვიტეთ პალეტებისგან სახლისთვის დაგვემზადებინა მარტივი და კრეატიული მაგიდა. პირველი მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ნაცნობმა გვაჩუქა რამდენიმე ძველი პალეტი, (იგივე პადონი) რომელიც დავამუშავეთ, გავლაქეთ და მაგიდის სახე მივეცით. ერთ-ერთმა მეგობარმა კი ნაშრომი დაიწუნა – თქვენს გარდა არავის მოუნდება ამის სახლში დადგმაო. შედგა სანაძლეო, რომ  მაგიდას მინიმუმ 50 ლარად გავყიდდით. ამის შემდეგ უკვე ვიყიდეთ კარგი ხარისხის ევრო პალეტები. შევქმენით გვერდი Facebook –ზე და დავარეკლამეთ პირველი პოსტი.

პოსტმა მომხმარებლის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თავადვე გვიკვეთავდნენ რა კონფიგურაციის მაგიდა უნდოდათ. ზოგიერთმა მინის ზედაპირით მოითხოვა, ზოგმა გორგოლაჭებზე შემდგარი და ა.შ.

ახლახანს დავამატეთ კრეატიული თაროების არჩევანიც, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩვეულებრივი ხის მასალით სურს აწყობა თუ პალეტით.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

იყიდება თაროონლაინ ვიღებთ შეკვეთას, ვყიდულობთ შესაბამის მასალებს  და რამდენიმე დღეში (ავეჯის სირთულის მიხედვით) მიგვაქვს მისამართზე მზა პროდუქცია. ამ დროის განმავლობაში პალეტი, რამდენიმე ეტაპს გადის, სანამ ავეჯის სახით სახლში ან ოფისში დაიდებს ბინას. საჭიროა მთლიანად გასუფთავდეს, გაპრიალდეს, დამუშავდეს ლაქით ან საღებავით. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს სურს საკუთარი ზომებით აიწყოს ავეჯი და არა პალეტის სდანდარტული ზომებით. ეს კი მოითხოვს პალეტის დაშლას და გადაკეთებას.

ჯამში, მარტივი პალეტის ავეჯიც კი, რამდენიმე ადამიანის და დღის საქმეა. ხშირად მომხმარებელი თუ ადვილად ასაწყობი ავეჯის დაკვეთისთვის გვიკავშირდება, ვურჩევთ ხოლმე – სად რა შეიძინოს, რომ თავად ააწყოს ეს ყველაფერი, რადგან ამ შემთხვევაში რეალურად ჩვენი დახმარება არც სჭირდებათ.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ძირითადად 3 ადამიანი მუშაობს, აქაც გააჩნია შეკვეთების რაოდენობას. დიდი ოდენობის ავეჯის შეკვეთის შემთხვევაში გვიწევს დამატებით მუშახელის დაქირავება.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

საწყისი კაპიტალის მოძიება არ დაგვჭირვებია. ჩვენ შემთხვევაში შეკვეთის ნაწილს ვიღებდით წინასწარ, რაც საკმარისი იყო მასალებისთვის და დანარჩენს დამზადების შემდეგ.  მზა პროდუქცია იშვიათად გვაქვს ხოლმე, ძირითადად მომხმარებელს ურჩევნია საკუთარი დიზაინით აიწყოს ავეჯი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ, დიდი ალბათობით გავაკეთებთ მზა ავეჯის შოურუმს, რომ მომხმარებელმა ადგილზე დაათვალიეროს როგორი შეიძლება იყოს იაფი და კრეატიული ავეჯი სახლისთვის.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

რაც მოხთა მოხთადამწყებ მეწარმეებს ვურჩევთ, რომ სირთულეების დროს ნუ შეშინდებიან და ნუ გადაწყვეტენ გაჩერებას. საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა ალბათ ყველაზე უკეთესია.

ასევე, რა თქმა უნდა ხარისხი – დაწყების შემდეგ,  რეკლამას თითქმის აღარ მივმართავთ. ჩვენი მომხმარებლები გვიწევენ ძირითადად რეკომენდაციას და ეს სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ გავწვდეთ მიმდინარე შეკვეთებს. თითოეულ ნივთს ვამზადებთ და ვუყურებთ ისე, როგორც ჩვენი საკუთარი სახლისთვის და კომფორტისთვის დასამზადებელს.

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts