შექმენით გაქირავების კომპანია, რომელიც აქირავებს ყველაფერს, ან ეხმარება ხალხს გააქირავოს ან იქირავოს ობიექტი თუ ნივთი.
გაქირავების ცენტრში გაქირავდება ყველაფერი: ბინები, ოფისები, ფართები, ავტომანქანები, მიკროავტობუსები, კარვები, თხილამურები და ა.შ.
გაქირავების ცენტრში შეიძლება გასაქირავებელი ობიექტების შემდეგი კლასიფიკაცია გვქონდეს, რომელიც შეიცვლება მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად:
- ფართები: ბინები, ოფისები, სარდაფები, საწყობები და მსგავსი
- ავტომობილები: მსუბუქი ავტომობილები მიკროავტობუსები, მოტოციკლეტები, ველოსიპედები, სატვირთო მანქანები და ა.შ.
- ტექნიკა: ფოტოაპარატები, ვიდეო კამერები, ფლეიერები, დიდი დინამიკები, პროექტორები და განათების საშუალებები, ხმის გამაძლიერებლები ა.შ.
- სამოგზაურო აღჭურვილობები: კარვები, საძილე ტომრები, თხილამურები, სკეიტ ბორდები, სამოგზაურო ჩანთები და ა.შ.
გაქირავების ცენტრი გააქირავებს როგორც თავის კუთვნილ ობიექტებს, ისე აიღებს საკომისიოს სხვისი კუთვნილი ობიექტის/ნივთის გაქირავებაში.
გაქირავების ცენტრს მარტივად აღიქვამს მომხმარებელი. როდესაც მათ გაუჩნდებათ რაიმეს ქირაობის საჭიროება, პირველ რიგში, გაქირავების ცენტრი უნდა გაახსენდეთ.
გაქირავების ცენტრს შეუძლია მარტივი და იაფი მარკეტინგი აწარმოოს, მთავარი მარკეტინგული საშუალებები იქნება სოციალური ქსელები, ფორუმები და ა.შ.
ამ საქმის დასაწყებად საკმარისია იქირაოთ პატარა ოფისი, შექმნათ ლამაზი ვებ-გვერდი, ფეისბუქის გვერდი, მოაგროვოთ გასაქირავებელი ობიექტები, დაურეკოთ მათ და შესთავაზოთ გაქირავებაში დახმარება. ნელ-ნელა ობიექტების ნუსხა გაიზრდება.
ვინც გადაწყვიტა ამ იდეაზე გააკეთოს ბიზნესი, ვურჩევთ აიღოს დომენი: rentall.ge, rent.com.ge,renteverything.ge, allrents.ge.