Smart Home • Space Saving Furniture

06/03/2018

Smart Home • Space Saving Furniture  მორიგი ინოვაციური სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს პრობლემის მარტივ გადაწყვეტას სთავაზობს. კომპანია სივრცის დამზოგავ, ტრანსფორმირებულ ავეჯს აწარმოებს და აწვდის ქართულ ბაზარს. StartUp.ge  Space Saving Furniture – ის დირექტორს, ირაკლი აბულაძეს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა? 

მზარდი ურბანიზაციის პირობებში და არსებული ეკომონიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთხოვნა პატარა ფართობის მქონე ბინებზე ძალიან მაღალია. ასეთი ტიპის ბინებში მაცხოვრებლებს მუდმივად აქვთ ავეჯის განთავსების, სივიწროვის, სტუმრის მიღების პრობლება. შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ გვეწარმოებინა მათი მოთხოვნების შესაბამისი სივრცის დამზოგავი ავეჯი, რითაც მომხმარებელს მივცემდით საშუალებას, რომ სახლში ჰქონოდათ ყველა ტიპის კომპაქტური ავეჯი. ჩვენი ავეჯი მხოლოდ მაშინ იკავებს სტანდარტული ავეჯის სივრცეს, როცა მათი გამოყენება ხდება, ხოლო როდესაც გამოყენება არ არის საჭირო, კომპაქტურად იკეცება ან სხვა ავეჯად გარდაიქმნება და ფუნქციას იცვლის.    

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები? 

კომპანიის დამფუძნებლები ვართ ორნი, ირაკლი აბულაძე და ლაშა სურგულაძე.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)?

გვაქვს Facebook გვერდი, სადაც განთავსებულია ჩვენს მიერ დამზადებული ავეჯის სურათები. ჩვენი ვებ.გვერდი კი მზადების პროცესშია და მალე გაეშვება. პოტენციური მომხმარებელი ინტერნეტის საშუალებით ეცნობა ჩვენს პროდუქციას, მას შეუძლია დამზადებული პროდუქციის ნახვა შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, გოთუას 3ა-ში. მომხმარებელი არჩევს პროდუქტს, გვიკვეთავს და ჩვენ მოკლე დროში ვუმზადებთ ავეჯს მისთვის სასურველი მასალით, ფერითა და ზომებით.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ამჟამად საწარმოში დასაქმებულია 4 ადამიანი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

შევიტანეთ განაცხადი  „საპარტნიორო ფონდის”  პროექტში – სტარტაპ საქართველო, სადაც გავიმარჯვეთ და მივიღეთ დაფინანსება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

ამ ტიპის ავეჯის ბაზარზე საქართველოში ვართ პირველები, ამიტომ შევეცდებით ბაზრის სრულად თუ არა უდიდესი ნაწილის ათვისებას, რაც გაზრდის კომპანიის შემოსავლებს და შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს? 

გეგმების დეტალურად განსაზღვრას და ამ გეგმების მისაღწევად არ დაზოგონ თავი, იშრომონ მაქსმიმალურად.

 

 

თეონა თავდიშვილი

 



Related Posts